"აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა! ეს პირველი შემთხვევაა, რაც პოტენციურ რისკს ქმნის საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისათვის” - რას წერს გიორგი ფხაკაძე?
"აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა!" - ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
"აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილის (Mpox) პირველი შემთხვევის დადასტურებამ, რომელიც რეგიონში პირველად დაფიქსირდა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჯანდაცვის სისტემები მუდმივად მზად უნდა იყვნენ ახალი დაავადებების პრევენციისა და მართვისთვის.
მაიმუნის ყვავილის შესახებ: სიმპტომები და გავრცელება
მაიმუნის ყვავილი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანებს გადაეცემა ინფიცირებული ცხოველებისგან ან ადამიანებისგან. ვირუსის ძირითადი სიმპტომებია: • სიცხე (38°C და მეტი); • თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი; • ლიმფური კვანძების გადიდება; • კანის გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე და ვრცელდება მთელ სხეულზე.
გადაცემის გზები მოიცავს ინფიცირებულთან ახლო ფიზიკურ კონტაქტს, ჰაერში წვეთების გზით გადაცემას და დაბინძურებული ნივთების საშუალებით.
რეგიონში, აზერბაიჯანში, ეს პირველი შემთხვევაა, რაც პოტენციურ რისკს ქმნის საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისათვის.
აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევის გამოვლენა გვახსენებს, რომ კავკასიის რეგიონში ჯანდაცვის სისტემები მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყვნენ.საერთაშორისო სტანდარტებისა და აკრედიტაციის დანერგვა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს იყოს არა მხოლოდ რეაქტიული, არამედ პროაქტიული, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას", - წერს გიორგი ფხაკაძე.