მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ადასტურებს, რომ სასამართლოდან უწყება მიიღო
მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქაჯაია აცხადებს, მას უბრალოდ სასამართლოდან უწყება მიუვიდა.
ბაჩო ქაჯაიას მხრიდან ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი და დაეკისრება თუ არა მას ადმინისტრაციული სახდელი, აღნიშნულზე სასამართლო 21 იანვარს, 17:00 საათზე იმსჯელებს.
„ინტერპრესნიუსი“ ასევე ესაუბრა ბაჩო ქაჯაიას ადვოკატს, თორნიკე მიგინეიშვილსაც, რომლის განმარტებითაც, ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.
ადვოკატის თქმით, ბაჩო ქაჯაია 9 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და ედავებიან, რომ გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
რაც შეეხება კიდევ ერთ მსახიობს, ანა ტყებუჩავას, არსებული ინფორმაციით, მასაც იგივე ქმედების ჩადენას ედავებიან და მისი სასამართლო პროცესი 22 იანვარს გაიმართება.