სკანდალური პირდაპირი ეთერი - რა თქვა აჭარის ტელევიზიის წამყვანმა, როცა ეგონა, რომ მიკროფონი გათიშული იყო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გამოშვება "მთავარის" წამყვანმა, ქეთი ბოლქვაძე მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ, გიგა გელხვიიძის მიმართ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.
მანამდე, ის გადაცემაში "ბათუმელების" დამფუძნებლის ეთერ თურაძის სტუმრობისას ამბობდა, რომ, თითქოს, თურაძე სტუდიაში შეიჭრა და მას გადაცემის წაყვანაში ხელი შეუშალა.
ამ გადაცემის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიას მიკროფონი დარჩა ჩართული, სადაც ცხადად ისმის ქეთი ბოლქვაძის ხმა, როგორ უყვება იგივე წამყვანი თანამოსაუბრეს, რომ ეთერ თურაძეს მისთვის გადაცემის წაყვანაში ხელი არ შეუშლია.
აჭარის ტელევიზიამ განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ემიჯნება ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოხატვას. გამოშვება "მთავარის" წამყვანი იმყოფებოდა მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ გამოშვების მიმდინარეობისას სტუდიაში უნებართვოდ იმყოფებოდა გარეშე პირი (ეთერ თურაძე რომელიც უნებართვოდ შემოვიდა
მაუწყებლის შენობაში), რომელსაც ჩართული ჰქონდა ფეისბუქ ლაივი, რასაც მოჰყვა წამყვანის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში, რაც გახდა მისი აღელვების მიზეზი.ჩვენ ბოდიშს ვიხდით აღნიშნულის გამო და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვემიჯნებით ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას,"- ნათქვამია განცხადებაში.