"ზუსტად ასეთი გამაყრუებელი სიჩუმე დგას ახლა, როცა..." - რას წერს ნიკა გვარამია?
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ქართული მედიასაშუალებების ნაწილის გაფიცვას და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ეხმაურება და წერს:
"ერთხელ, კანადის და ამერიკის საზღვართან მდებარე დასახლების მთელმა მოსახლეობამ ღამე გაიღვიძა. ნიაგარა გადაეხერგა დიდი ყინულის მასას და გამაყრუებელმა სიჩუმემ გააღვიძა ხალხი და არა ხმაურმა.ზუსტად ასეთი გამაყრუებელი სიჩუმე დგას ახლა, როცა ყველა კრიტიკული მედია გაიფიცა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მაუწყებლობა შეწყვიტა.ჩვენი ნიაგარაც დადუმდა, ქოცობის ყინულმა ჩახერგა და დაადუმა.ჩვენც უნდა გავიღვიძოთ!" - წერს ნიკა გვარამია.
"პალიტრავიდეო" „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს!
ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტა.
უფრო კონკრეტულად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საპროტესტოდ, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობა შეაჩერა ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილმა.
ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკრანებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებული იყო შავი ფონი, წარწერით: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”