ვინ არის და რას ჰყვება ქალი, რომელზეც წერდნენ, რომ აბუ-დაბიში "ქართული ოცნების" დეპუტატებს იცავდა? - "თუ ასეთი პატრიოტია, რა ეკონცერტება, რუსი ცოლი მაგას ჰყავს მე კი არა..."
მარიამ ბაგრატიონი, რომელიც აბუ-დაბიში, მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოში მოხვდა, ამბობს, რომ მომხდარ შემთხვევით შეესწრო და იქ მყოფი დეპუტატებიდან არავისი ცოლი არ არის.
მარიამ ბაგრატიონი, რომელიც იმერეთის ბაგრატოვანთა შტოს წარმომადგენელია, პროფესიით მუსიკოსია და წლების წინ, "ერთსულოვნებაზე" საავტორო გადაცემა მიჰყავდა.
"არავის ოჯახის წევრი არ ვარ, არც კი ვიცნობ არცერთს. უბრალოდ ამ ფაქტს შევესწარი როგორც დამსვენებელი. ამ ადამიანმა (ლაშა გაბიტაშვილი) ჯერ კიდევ წინა დღეს ლანძღა და აგინა ყველას. მეორე დღესაც უბრალოდ ის გადაიღეს და დადეს, რაც თავად უნდოდათ და აწყობდათ.
მეც მლანძღეს და გავეცი პასუხი. საერთოდ არაფერ შუაში არ ვიყავი. ჩემი შვილი ჩამოვიყვანე კონცერტზე. მომხდარის დროს შვილთან ერთად კაფეში ვიჯექი და მივირთმევდით, როდესაც ეს ამბავი დაიწყო. შევესწარი და უბრალოდ ჩავერიე როგორც დამსვენებელი და ქართველი. მოვალედ ჩავთვალე თავი. მთელი სასტუმრო გააგიჟეს, ისე იქცეოდნენ და იგინებოდნენ, ყვიროდნენ მთავრობის წევრების მისამართით. ეს არის სიმართლე. მე საერთოდ რა შუაში ვიყავი, პროვოკატორმა ქალმა რომ გადამიღო. ცხოვრებაში არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, წყობიდან გამომიყვანეს...
მათ თუ აქვთ დასვენებისა და კონცერტზე წასვლის უფლება, მე რატომ არ მაქვს. რატომ ვარ მოღალატე ვერ გავიგე. რატომ უნდა შემავიწროონ და დამაბულინგონ, თავად რატომ არიან მაშინ აქ? - რატომ ისვენებს თუ ასეთი პატრიოტია ქვეყნის, რა ეკონცერტება, რუსი ცოლი მაგას ჰყავს მე კი არა (საუბარია ლაშა გაბიტაშვილზე ავტ.)
მე არავისი ცოლი და ნაშა არ ვარ, არც კი ვიცნობ დეპუტატებს, ორ შვილს გეფიცებით. ტყუილად გავილანძღე და ჩემი შვილიც ვანერვიულე..."