"ბრძოლას ვაგრძელებთ..." - თსუ-ს სტუდენტები მიმართვას ავრცელებენ, რომელბმაც პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში აპირებენ დარჩენას
რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ რუსთაველზე ვიდექით და იქიდან ვამბობდით ჩვენს სათქმელს, ახლა ჩვენ ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში ვიქნებით და აქ დარჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართვისას განაცხადეს.
სტუდენტები პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში აპირებენ დარჩენას და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებენ.
ამასთან , ისინი ადმინისტრაციას და რექტორს მოუწოდებენ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ სტუდენტებს.
„ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სანამ, ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს ევროატლანტიკურ გზაზე არ დავაბრუნებთ. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია - რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ რუსთაველზე ვიდექით და იქიდან ვამბობდით ჩვენს სათქმელს, ახლა ჩვენ ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში ვიქნებით და აქ დარჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს კი მოვუწოდებთ, გააკეთონ იგივე, შემოუერთდნენ თსუ-სა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტის ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტის ხმა ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის. ადმინისტრაციას და რექტორს კი მოვუწოდებთ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ თავიანთ სტუდენტებს, რომლებიც სამართლისთვის ბრძოლის გამო არიან დაკავებულები“,-აცხადებენ სტუდენტები.
მათი განცხადებით, ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.
„დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ს პირველ კორპუსში, რათა ხმამაღლა გავაღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია. გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები“,- ნათქვამია სტუდენტების მიმართვაში.