loader

“ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია… თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა” - რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია… თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა” - რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

"ქვეყანაში ყველა სტრუქტურა რომ მორღვეულია ეგ ხომ ვიცით, ახლა მინდა კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს სისტემურ პრობლემაზე მოვყვე, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე. პოსტი დიდი გამოვა, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი გამოცდილება გავაზიარო, ვაიდა ვინმე აღმოჩნდეს ჩემნაირად, ჯოჯოხეთური პრობლემის წინაშე, როცა ჰაერივით მჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება ექნებოდა, მაგრამ ვერსად მივაგენი.

ყველაფერი დაიწყო 26 დეკემბერს, როცა ხელის თვალზე (მარცხენა თვალის გარე კუთხეში) შეხების დროს ვიგრძენი ტკივილი, სარკეში ჩახედვის შემდეგ დავინახე შეშუპებული თვალი, პატარა ამობურცული ზედაპირით. ჩავთვალე, რომ რაღაც ინფექცია იყო და რამდენიმე დღეში გაივლიდა და აღარც მიმიქცევია ყურადღება, დისკომფორტს ვგრძნობდი მხოლოდ მაშინ, როცა იმ ადგილს ვეხებოდი.

1 იანვარს დილით, წვა ვიგრძენი იმავე თვალის შიდა კუთხეში. სარკეში ჩახედვის შემდეგ დავინახე საცრემლე არხთან ნორმაზე მეტად ამობერილი კაპილარი, დავიწყე დაკვირვება და მზერა გადავიტანე გარე კუთხესთან, სადაც 4 დღით ადრე აღმოვაჩინე შეშუპება და ამობურცული ადგილი, იქ აღარაფერი დამხვდა, და მივხვდი რომ თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა, მაგრამ ამის გადააზრება ძალიან რთული იყო და მჭირდებოდა მეტი მტკიცებულება, რომ მერე უკვე გამოსავლის ძებნა დამეწყო, ამიტომ პირველი იანვრის დილა შუადღემდე სარკესთან გავატარე და დაძაბული ვუყურებდი ჩემს თვალზე, ნორმაზე მეტად ამობერილ "კაპილარს". ისიც გამოძრავდა! დაიწყო გადაადგილება, ისევ გარეთა კუთხისკენ. დავრეკე ჩემს მეგობართან და მისმა დედამ, Nino Bakuradze -მ გაამყარა ჩემი ეჭვი და მითხრა, რომ ჩემს თვალში იმყოფებოდა პარაზიტი. მადლობა მას ამისთვის

და აქედან უკვე დაიწყო მოჯადოებულ წრეზე სიარული, დავრეკე პარაზიტოლოგიის ცენტრში და ჩემი მდგომარეობა მოვყევი და ვითხოვე დახმარება, პასუხი- მე მორიგე ექიმი ვარ და ვერ დაგეხმარებით, კლინიკა დაკეტილი 3 იანვრამდე. ( ადამიანურად არასწორია, მაგრამ გამწარებული ვარ ჯანდაცვის სამინისტროზე) მდაააა, დავრეკე რამდენიმე დიდ კლინიკაში და ვიკითხე დღეს მუშაობდა თუ არა პარაზიტოლოგი, პასუხი- არა.

დავრეკე 112-ში

- გამარჯობა, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ კლინიკა, რომელიც დღეს არის ღია და ჰყავს პარაზიტოლოგი?

- იცით, ჩვენ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, გადაამოწმეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე.

დავრეკე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე

- გამარჯობა, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ კლინიკა, რომელიც დღეს არის ღია და ჰყავს პარაზიტოლოგი?

- იცით, ჩვენ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, დარეკეთ 112 ზე

ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ეს ბრაზი და უსამართლობის განცდა არაა ახალი, როცა გვიწევს ამ რეალობაში ცხოვრება. ამასობაში ჩემს თვალის არეალში მოსეირნე გაურკვეველი არსება გაუჩინარდა, მაგრამ იქამდე მტკიცებულებების სახით გადავიღე ფოტოები. მოვუყევი ეს ჩემი ჯოჯოხეთური ამბავი ჩემს მეგობარს Nino Chitadze - ს, რომელიც ბოლო წამამდე ჩემს გვერდზე იდგა, იჯდა და იწვა, მადლობა მას და მის მთელ ოჯახს, რომელმაც ჩემთან ერთად გამოიარა უმძიმესი დღეები. ასევე ნინომ დამაკავშირა პარაზიტოლოგ - მარინა ხვედელიანთან.

გაუჩინარდა პარაზიტი, თან დაღამდა პირველი იანვარი, ბედს შევეგუე, დამამშვიდებელი დავლიე და დავიძინე.

2 იანვარი.

გავიღვიძე, სარკე საწოლთან მაქვს, ვიხედები და თვალზე ნამდვილად მხოლოდ ჩემი კაპილარებია, მააააგრამ, მტკივა საფეთქელი და ვხვდები რომ "ის" იქ არის, დედაჩემს ვეუბნები რომ უნდა დავრეკო სასწრაფოში, დედაჩემი - შეიძლება საგიჟეთში წაგიყვანონ ამას რომ მოყვები

ვრეკავ პარაზიტოლოგთან- მარინა ხვედელიანთან, ვუყვები ჩემს მდგომარეობას. მადლობა მას მოსმენისთვის და პარაზიტზე სწორი ინფორმაციის მოწოდებისთვის. გავიგე, რომ შარშან იგივე პარაზიტი ჰყავდა ერთ გოგოს და მე ვარ მეორე შემთხვევა. მეკითხება ვიყავი თუ არა საზღვარგარეთ 1 წლის მანძილზე, არა არ ვყოფილვარ. მდაააა

პარაზიტი სახელად - Dirofilaria

ვიწყებ ინფორმაციის მოძიებას და ვიგებ, რომ პარაზიტის თავდაპირველი საცხოვრებელი არეალი არის თვალი, თვალის მიმდებარე სივრცე. ვიგებ რომ გადაადგილდება სხეულში და არის შესაძლებელი შეაღწიოს თვალის სკლერაში, თავის ტვინში, გულში, ფილტვებში. ვნერვიულობ, ამასობაში ზედაპირზე ვერ ვხედავ, მაგრამ საფეთქელიდან ტკივილს და მოძრაობას ვგრძნობ შუბლისკენ, შუბლიდან წარბისკენ და ვრეკავ სასწრაფოში, ვპასუხობ სავალდებულო კითხვებზე და ვეუბნები, რომ ჩემით ვერ მივაგენი ვერცერთ კლინიკას სადაც ეყოლებათ პარაზიტოლოგო, ამიტომ მჭირდება სასწრაფო, რომელიც გადამიყვანს შესაბამის კლინიკაში, პარაზიტოლოგიის ცენტრი არის 3 იანვრამდე დაკეტილი და არ მინდა დროის დაკარგვა.

ველოდები სასწრაფოს, მოდის ექიმი მოპედით და დამამშიდებლით, რომელსაც ალბათ უთხრეს,რომ ამ მისამართზე უნდა მივიდეს ახალგაზრდა ქალთან, რომელიც არ არის ფხიზელი ან აქვს ნერვული შეტევა.

მეკითხება რა ხდება, და მე ვიწყებ თავიდან, ვაჩვენებ სურათებს, რომელიც წინა დღეს გადავიღე, ვუყვები ყველა მოძიებულ ინფორმაციას და მიჯერებს არ ვიცი მისი სახელი და გვარი, მადლობა მას მოსმენისთვის და კეთილსინდისიერებისთვის. გადმოიძახა მეორე სასწრაფო და მოითხოვა ჩემი კლინიკაში გადაყვანა. გადამიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში, მიმიღო ოფთალმოლოგმა, რადგან პარაზიტი ვგრძნობ რომ არის წარბში, მიუხედავად იმისა რომ ზედაპირულად არ ჩანს, ექიმი, რომლის სახელი ასევე არ ვიცი, შეხებით მიდასტურებს, რომ კი, პარაზიტი წარბთან არის, გაგებული აქვს მასზე ინფორმაცია, მაგრამ ვერ ამოიყვანს, მიზეზი - მეშინია შრამი არ დაგრჩეს ვუხსნი რომ შრამი არ მადარდებს, მეშინია, რომ რომელიმე ორგანოში არ გადავიდეს და საერთოდაც არ მინდა ჩემს სახეზე გვირაბები გაყავდეს რაღაც პარაზიტს, არსაიდან ხსნა და მიშვებენ კლინიკიდან, მეუბნებიან რომ დღესაც უნდა დავიძინო მშვიდად, რომ ეს პარაზიტი კი დადის სახეზე, რომელსაც ვხედავ, ვგრძნობ და ყველა გადაადგილება მტკივა, მაგრამ ასე მალე ვერ შევა ტვინში

მივდივარ სახლში და ამასობაში პარაზიტი წარბიდან გამოდის და ჩადის სადღაც სიღრმეში, სადღაც თვალის უკან, მე ვნერვიულობ, ბედს ვეგუები, და იმ იმედით რომ მალე გათენდება და ხვალ მეშველება ვსვავ დამამშვიდებელს და ვცდილობ ადრე დავიძინო რომ მალე გათენდეს

3 იანვარი

გაღვიძებიდან 1 საათში ახლა უკვე ქვედა ქუთუთოზე ზედაპირზე ამოდის პარაზიტი- უკვე სახელი დავარქვით- ჭიაკო, რომელიც ჩემი გამოთვლით 5 სანტიმეტრის სიგრძის არის

მე, დედა და Nino, მივდივართ პარაზიტოლოგიის ცენტრში, ძლივს გაიხსნა, გვეუბნებიან რომ იქ ვერ ამოიყვანენ, უნდა მივიდე ოფთალმოლოგთან, გადამამისამართეს ნიუ ჰოსპიტალში ოფთამოლოგ - ილონა ჭაფანძესთან

გზაში ჭიაკო მთელი თავისი დიდებულებით ამოვიდა ზედაპირზე, კანქვეშ, მაგრამ კარგად ჩანს, ვჩქარობ, ვიცი ცოტა დრო მაქვს, მალე შეიძლება ისევ გაუჩინარდეს, ჩამითრია ბიუროკრატიის მორევმა და ჭიაკო ისევ სიღრმეში ჩადის. მოვიდა ჩემი რიგი, ილონა მიხსნის, რომ ადგილობრივი გამაყუჩებელი თუ გამიკეთდება შეიძლება შეშუპდეს და ვეღარ დაინახავს პარაზიტს, ვთანხმდები ისე მოხდეს ქუთუთოს გაჭრა და ამოყვანა, იწყება არასასიამოვნო პროცედურა და ჰოპ, ჭიაკო გაგვექცა, წავიდა ისევ სიღრმეში, ჯერ დილაა მაგრამ ვხვდები ამ ჭიაკოს მოხელთება ურთულესი ამბავია და იმედს ვკარგავ, რომ დღეს მეშველება, მაგრამ კლინიკიდან არ მივდივარ, ვჯდები და ველოდები, ამოვა, როცა იქნება ისევ ამოვა.

5 საათის მერე გადავწყვიტე წამოვიდე სახლში, ვჭამო დავისვენო და როცა ამოსვლას დაიწყებს დავბრუნდე კლინიკაში. მოვედი სახლში, დასვენება ვერ მოვასწარი, დაიწყო ამოსვლა ზუსტად იმ ადგილას საიდანაც დავკარგეთ მისი კვალი, ვბრუნდები კლინიკაში, საღამოს 7 საათია, ვგრძნობ მოძრაობას, მაგრამ ჯერ ზედაპირზე არ ჩანს. სკამზე ჯდომაში და ლოდინში დაღამდა. ჭიაკო მგონი დათრგუნულია და აღარ ამოდის ზედაპირზე, შეკუმშული არის ყვრიმალის ძვალთან, ვიცით რომ ეგაა, მაგრამ არ მოძრაობს როგორც სხვა დროს, და ვფიქრობთ ღირს თუ არა ახლა მეორე ადგილას გაჭრა, სახეა მაინც. ილონა მეუბნება რომ ვცადოთ, გამაყუჩებელს გამიკეთებს და ღრმად გაჭრის, და ვიპოვით, მერე ისევ კითხვის ნიშანი, ისევ რომ გაგვექცეს და დარჩეს დიდი ჭრილობა? გადავიფიქრეთ და ღამის 4 საათზე წამოვედი სახლში, იმ პირობით რომ დილით ისევ დავბრუნდები კლინიკაში, უკვე დარწმუნებული ვარ, სხვა არცერთი ექიმის ნახვა აღარ მინდა, არც თურქეთში წასვლა, ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე მეტად ექიმებში ილონას უნდა პარაზიტის ამოყვანა, ჩემი სახიდან. მივდივარ სახლში, მეც დავისვენებ ცოტას, და ილონამაც დაისვენოს, ვიცი რომ 10 ზე ცვლა უმთავრდება მაგრამ ჩემთან ერთად ელოდება პარაზიტს, ზედაპირზე რომ ამოვიდეს.

ნინო ჩემთან მოდის, უცებ რომ გახდეს საჭირო კლინიკაში დაბრუნება დრო არ დავკარგო და გავქანდეთ. 18 საათიანი კლინიკაში მოჭიმულად ყოფნის მერე, დაწოლის და მოდუნებისთანავე ჭიაკომ დაიწყო გააქტიურება, ვხვდები რომ ახალი გვირაბების გაყვანა გადაწყვიტა და ცდილობს ისეთი გზაბი გაიკვალოს, სადაც ჯერ არ გაუვლია, ქვედა ქუთუთოზე ძლიერ წვას ვგრზნობ, მაგრამ ვცდილობ იქნებ დავიძინო, ეხლა რომ წავიდე კლინიკაში გზაში შეიძლება ისევ გაუჩინარდეს, სჯობს ეხლა მშვიდად ვიყო, ნინო ხვდება რომ რაღაც ისე არაა, შუქს ანთებს და მე სარკეს ვიღებ, ჭიაკო ამოსულია მთლიანად, კანქვეშ ისევ გვანახებს თავის დიდებულებას :)) ვხვდები რომ გაზრდილია და გაძლიერებულიც, ქვედა ქუთუთო მექანიკურად თრთოლვას იწყებს, შემზარავი საყურებელია.

ნინო- მგონი უნდა წავიდეთ კლინიკაში

მე- სანამ მივალთ დაიმალება და ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ, დილით 8 ზე გავიღვიძოთ ( უკვე 5 საათია) და წავიდეთ

ჭიაკო იმალება ნაწილობრივ.

დავლიე დამამშვიდებელი და დავიძინეთ.

4 იანვარი

08:00- ჭიაკო გაუჩინარებულია, მაგრამ როგორც წინა დღეების პრაქტიკა გვიჩვენებს მალე ამოვა ზედაპირზე, თუნდაც ნაწილობრივ ამოვიდეს, მე და ილონა შევთანხმდით, რომ ღრმად გაჭრის და ვიპოვით აუცილებლად. ვენდობი.

ჭიაკო არსად არ ჩანს. მე და დედა შეგვიყვანეს პალატაში, მეუბნებიან რომ უნდა დავიძინო, როცა მოვდუნდები იქნებ ამოვიდეს, გადაღლილი ვარ ემოციურადაც და ფიზიკურადაც, უკვე დამამშვიდებლის გარეშე ვიძინებ, მაინც არ ჩანს. უკვე განგაშის ზარია, არ ვიცით სად არის, ამდენი საათი არ გასულა ზედაპირზე ამოსვლის გარეშე. ნინო და ჩემი ძმა გეგმავენ ჩემს წაყვანას თურქეთში, დედაჩემს ხმა აქვს ჩავარდნილი, ჩემი მთელი ოჯახი უკვე პანიკაშია, მე კიდე მახსენდება პირველი იანვრის დილა, როცა რამდენიმე საათი ზედაპირზე იყო ჭიაკო, ვითხოვდი დახმარებას, 2 იანვარი - კავკასიის მედიცინის ცენტრში ოფთალმოლოგს რომ ვთხოვე ამოიყვანეთ ეს საზიზღრობა ჩემი წარბიდან მეთქი. ძალიან გაბრაზებული ვარ. წინა შემთხვევაზე ინფორმაციის გაგებას ცდილობს Natalia Nanoshi მადლობა ძვირფასო,( და ყველა ჩემს მეგობარს, ნაცნობს, უცნობს ვინც თანადგომას მიცხადებდით ჩემთვის ამ ურთულეს პერიოდში.) ვცდილობ სიმშვიდის შენარჩუნებას, დაა მგონი გამოდის, კი, ამოდის ზემოთ! დედაჩემს ვეუბნები ექთნები გააფრთხილოს, ვრეკავ ილონასთან- ამოდის!

და მორჩა, ვცდილობ ზედმეტი მოძრაობა არ გავაკეთო, არ მინდა რამე შეიცვალოს ორგანიზმში, მინდა რომ ჭიაკო მშვიდად ამოვიდეს და ვერ მიხვდეს რომ ჩასაფრებული ვარ, ემოციები უნდა ვაკონტროლო, ტემპერატურა არ უნდა შეიცვალოს ორგანიზმში, არც წნევა.

ცოტა ხანი და ისევ იწყებს უკან ჩასვლას, ვცდილობ პანიკამ არ მომიცვას, მოვახერხებთ, ამჯერად გამოვიჭერთ, ილონა მოდის და გავდივართ საოპერაციო ოთახში, გზად მეუბნება რომ სჯობს გმაყუჩებელი არ გაკეთდეს, დრო რომ არ დაიკარგოს და ისევ არ გაგვექცეს, თანახმა ვარ ყველაფერზე, მთავარია მომაშორონ.

სართულზე ვინც იყო ყველა შემოსულია საოპერაციოში, არავის არ აქვს ნანახი მსგავსი რამ, და ზოგს მაინც არ სჯერა რომ ეს სიგიჟე რეალური ამბავია

ილონამ შეძლო!!! მადლობა, მადლობა, მადლობა. ჩემი დიდი რეკომენდაცია ამ ოფთალმოლოგს და გულისხმიერ, კარგ ადამიანს, თავის საქმის პროფესიონალს

პარაზიტი -Dirofilaria სხეულიდან იქნა ამოღებული 4 იანვარს, საღამოს 6 ის ნახევარზე. ცოცხალი და უვნებელი. ზომა- 5,5 სანტიმეტრის სიგრძის, დედალი. როგორც წესი ადამიანის სხეულში ვერ მრავლდება. ამ ზომის პარაზიტის ასაკი დაახლოებით 1-1,5 თვეა. ადამიანის ორგანიზმში იზრდება დაახლოებით 20 სანტიმეტრამდე. ადამიანის სხეული არ არის მისთვის ბუნებრივი გარემო, დაავადებული ძაღლიდან, კონკრეტული კოღოს სახეობას გადმოაქვს ადამიანთან, კბენით.

ვიცი რომ მოსასმენადაცს საკმაოდ რთული ამბავია, წასაკითხად ძალიან გრძელი, მაგრამ ეს ჩემი გამოცდილება თუნდაც ერთ ადამიანს მაინც რომ გამოადგეს, (და იმედი მაქვს რომ ამის საჭიროება აღარავის ექნება) ეგეც საქმეა.

ჯანდაცვის სამინისტრო - თქვენი დროც დადგება!

კეთილსინდისიერო ექიმებო - მადლობა თავგანწირვისთვის, და იმედი მაქვს თქვენთვის უკეთეს სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაძრაურებას მივაღწევთ ყველა ერთად

მეგობრებო - მადლობა ვინც მამხნევებდით ბევრი თქვენგანი პოსტიდან გაიგებთ ამ ამბავს, არ ინერვიულოთ უკვე კარგად ვარ

ჩემს ოჯახს - აქ არც ვთვლი საჭიროდ ბევრ წერას

ადამიანებო - მოუსმინეთ თქვენს გონებას და სხეულს, რამდენიც არ უნდა გიმტკიცონ, რომ რაღაც გეჩვენებათ, რომ ცდებით, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის

პოსტს დავურთავ თვალსაჩინოებისთვის ვიდეოს, და რამოდენიმე სურათს. ჩემი სურვილია, რომ პოსტი გავრცელდეს, და ვინმეს თუ რამე კითხვა ექნება ასევე შეუძლია პირადში მოწერა." - სონა კალანდაძე