"რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეგვიძლია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეუძლია, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ 25 იანვარს ან სხვა დღეს დავსხდებით, პირველ რიგში, ტრამპთან ერთად. ჩვენ მოვილაპარაკებთ, როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ ომი და პუტინი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასაც ჰქონდეს ხმა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოსკოვთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ. მისი აზრით, ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება. ”ასე, და არა უბრალოდ სამივე მაშინვე დავსხდეთ [მოლაპარაკების მაგიდასთან]”, - დასძინა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა : თანახმა იქნება თუ არა უკრაინა, ნატო-ში გაწევრიანების მიწვევის სანაცვლოდ, დათმოს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, ასევე ყირიმი.
„კანონის თანახმად, ნატო-ში მიწვევა უკრაინისთვის გაიცემა. ჩვენთვის ყველა ეს ტერიტორია კვლავ უკრაინაა. მაგრამ ნატო-ს ჯერჯერობით მხოლოდ იმ ნაწილში შეუძლია მოქმედება, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშაა - ამაზე შეიძლება შეთანხმება. დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი განმარტებით, ასეთი სცენარი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ომის დასრულების დიპლომატიურ გზას დაინახავს.
"ეს არის პირველი. მეორე არის იარაღის პაკეტი. მე არ ვარ მზად საჯაროდ ვისაუბრო ახლა ამაზე. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპისთვის ამაში საიდუმლო არ არის. ძირითადად ეს შეერთებული შტატების ნებაზეა დამოკიდებული. რადგან ამ პაკტის ნაწილი ევროკავშირიდან მოდის და ნაწილი - შეერთებულ შტატებიდან. ამ პაკეტს ერთიანობა სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.