"მირეკავენ ვისოლიდან..." - რას წერს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა?
"მირეკავენ ვისოლიდან და უარს ვამბობ ყველანაირ გასაუბრებაზე მათთან! როგორმე უნდათ თავი იმართლონ! სამარცხვინოები!" - ამის შესახებ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის დედა სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავეს, "ვისოლის" სარეკლამო ვიდეორგოლში აღარ არის. ვიდეო რგოლის თავდაპირველ ვერსიაში მსახიობი ჩანდა, თუმცა ახლა მხოლოდ მისი ხელი ჩანს.
როგორც "ვისოლში" BMG-სთანგანმარტეს, "კონტრაქტით კომპანიას მისი კადრების გამოყენების უფლება მხოლოდ გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ჰქონდა და მიზეზი პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირდება".
"მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით.
შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები", - აცხადებენ "ვისოლში".
ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.