„ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია..." - რას ამბობს ნიკა მელია?
მომავლისთვის მნიშვნელოვანია რეჟიმის დამარცხება და საგარეო ვექტორის გასწორება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება, - ამის შესახებ „კოალიცის ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს რაც რუსთაველზე ხდება, „მართლაც საოცრებაა“.
„ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რაც ახლა ხდება - ხალხმა ვისწავლეთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა. მეტიც, „დავამუღამეთ“, გავიწაფეთ ამ ბრძოლაში და რაც მთავარია გემო გავუგეთ და ჩვევად გვექცა უფლებებისთვის ბრძოლა. ერთად დგომამ, ერთად ბრძოლამ სხვა სიახლოვე და სიყვარული მოიტანა - ხალხმა გაიცნო და შეიყვარა ერთმანეთი.
როდესაც მიყვებოდნენ, რომ ადრე თბილისი ურთიერთობების ქალაქი იყო - გაივლიდი რუსთაველზე, პლეხანოვზე, ყველას ყველა უყვარდა, კი მხიბლავდა, მაგრამ ძალიან გაზვიადებულად მეჩვენებოდა.
დღეს რაც რუსთაველზე ხდება, მართლაც საოცრებაა. ახალი ენერგიით იმუხტები რუსთაველზე. ყოველდღე ახალ ნაცნობებს, თანამოაზრეებს, ახალ მეგობრებს იძენ და ამ ურთიერთობებით გამდიდრებულები ვბრუნდებით სახლებში და ერთი სული გვაქვს, ისევ გამოვიდეთ რუსთაველზე. დავდგეთ იქ, სადაც წყდება მომავლის ბედი, სადაც ასეთი ურთიერთგატანა და სიყვარულია, სადაც გველოდება უკვე შეძენილი ძალიან ბევრი ახალი მეგობარი და კიდევ უფრო მეტის შეძენის პერსპექტივა.
ამიტომაც მგონია რომ ამ ბრძოლაში გაცილებით მნიშვნელოვანს ჩავავლეთ ხელი - იმ სიყვარულს, რომელიც მტრობისგან დანგრეულს აგვაშენებინებს“, - წერს ნიკა მელია.