ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოში 2025 წელს ამოქმედდება
2025 წელს საქართველოში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი. წლის განმავლობაში განსახორციელებელი ცვლილებები ეხება სატრანსპორტო მიმართულებას, ტურისტულ საქმიანობას, საბანკო მომსახურებებს და ა.შ.
"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ცვლილებებს, რომელიც 2025 წელს ამოქმედდება:
საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება
2025 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს ხელფასები 10%-ით გაეზრდება.
მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები; პარლამენტის წევრები და ა.შ.
გარდა ამისა, 1-ლი იანვრიდან ხელფასები 10%-ით ეზრდებათ პოლიციელებს და ჯარისკაცებს. 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდაც; ასევე დაგეგმილია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მატებაც.
პენსიები იზრდება
2025 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 35 ლარით გაიზრდება. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს გაუტოლდება.
რაც შეეხება 70 წლამდე პირთა პენსიას, ასევე 35 ლარით გაიზრდება და განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პენსიონერები უკვე მომავალი წლიდან 420 ლარს მიიღებენ.
სესხის აღებასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის ძალაში
2025 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის აღებასთან დაკავშირებით ცვლილებები ამოქმედდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება
2025 წლის 1-ლი იანვრიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. სავალდებულო სერტიფიცირების ნუსხა მოიცავს თითქმის ყველა ძირითად მარცვლოვან კულტურასა და ბოსტნეული/ბაღჩეულის სახეობებს. მათ შორის: შვრია, ქერი, ბრინჯი, ჭვავი, ხახვი, ნიორი, სატაცური, ყვავილოვანი კომბოსტო, ნესვი, საზამთრო, გოგრა, პომიდორი და სხვა.
ცნობისთვის, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხა, რომელთა სერტიფიცირებაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო, მაგრამ ცვლილებების ამოქმედება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო....წაიკითხეთ სრულად