რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება - რა უნდა იცოდეთ, თუ ჯერ კიდევ არ მიგიღიათ მონაწილეობა
2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადამ წლის ბოლომდე გადაიწია. მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით - როგორც კარდაკარის, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის მხოლოდ პირველ ეტაპზე (14-28 ნოემბრის პერიოდში) იქნა გამოყენებული. მეორე ეტაპზე კი მონაცემთა შეგროვება კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გაგრძელდა.
აღწერის მიმდინარეობისას ქ. თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს (აღმწერს), რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი. მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრისთვის მეტად კომფორტული აღმოჩნდა თვითრეგისტრაციის მეთოდი.
აღნიშნულის გათვალისწინებით და მოქალაქეთა თხოვნით, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე საქსტატმა გადაწყვიტა, რომ 20 დეკემბრიდან, კვლავ გახსნას აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რათა მოქალაქეებმა დამოუკიდებლად შეავსონ ელექტრონული კითხვარი.
ამ შემთხვევაში საქსტატის ინტერვიუერის სახლში მიღება აღარ იქნება საჭირო. ამისათვის საჭიროა ნებისმიერი მოქალაქე შევიდეს საქსტატის ვებსაიტზე https://census2024.geostat.ge/ka გაიაროს მარტივი რეგისტრაცია, შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი, რომლის გადაგზავნის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს კოდს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად.