loader

რას ამბობს კახა კალაძე თბილისის მერიიდან გიგა სოფრომაძის გათავისუფლებაზე? - "ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კახა კალაძე თბილისის მერიიდან გიგა სოფრომაძის გათავისუფლებაზე? - "ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი"

თბილისის მერის განცხადებით, მოსაზრება, რომ მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ჩვეულებრივი სპეკულაციაა.

როგორც კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განაცხადა, „სოფრომაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში აღარ იდგა“.

გუშინ, "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლ“-მა თბილისის მერიიდან გიგა სოფრომაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიაში დასაქმებული გიგა სოფრომაძის გათავისუფლების საკითხს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რათა დედაქალაქის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში გათვალისწინებული ყოფილიყო შშმ პირთა ინტერესები, ადაპტირებული ყოფილიყო ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამ ადამიანებისთვის.

მისი გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღვოდა რამდენიმე საგულისხმო ფაქტი: გიგა სოფრომაძემ გუშინ სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად მიმართა იუსტიციის სახლს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით, რომლის თანათავმჯდომარეცაა. ის ასევე არის თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას. გარდა ამისა, გიგა ბოლო წლებში, ღიად აფიქსირებდა საკუთარ აზრს „გამჭვირვალობის კანონთან“ და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და პირდაპირი დარტყმა ჩვენს ორგანიზაციაზე, ჯერ კიდევ მისი რეგისტრაციის დასრულებამდე, ასევე, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულთა დაშინებას.

ეს გადაწყვეტილება პასუხგაუცემელი არ დარჩება და ჩვენი ერთობა ბოლომდე იბრძოლებს მისი ინტერესების დასაცავად, კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმით.

ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სოლიდარულნი ვიქნებით ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დარტყმის სამიზნეა და დავიცავთ ჩვენი კოლეგების ინტერესებს, ვინც განუხრელი პატიოსნებით შრომობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.