საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა “ქალების მარში”.
“ქალების მარში” პარლამენტთან ფილარმონიიდან ორბელიანების სასახლის გავლით მივიდა. ორბელიანების სასახლესთან მარშის მონაწილეებთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა და სიტყვით მიმართა.
ასევე, აქციას შეუერთდნენ კურსდამთავრებულებიც, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს. მოგვიანებით რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას გამართავს „ერთიანობის მარშიც“.
საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.