"გეტყვით რას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, შვილი რომ გარდაეცვლებათ, ჩვენ გვეძახიან-მეთქი..." - რას ამბობს მამა შალვა კეკელია
გთავაზობთ ეპიზოდს დეკანოზ შალვა კეკელიას ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 23 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ინტერვიუში ის თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ინციდენტზეც საუბრობს, როდესაც მასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
- ამ დაპირისპირებისას თქვენი ემოციური კადრები რომ ნახეთ, რა რეაქცია გქონდათ?
- არასწორი იყო ჩემგან ხმამაღალი საუბარი. მიუღებელია ჩემთვის ჩემი ასეთი სახის ნახვა, თან ამ მარხვაში. ასე მღვდელი არ უნდა მოიქცეს. არ მინდა თავი ვიმართლო, მაგრამ, ალბათ, ამოხეთქა წლების განმავლობაში დაგროვილმა გულისტკენამ.ამას არ ვამართლებ, მაგრამ რამდენჯერ შეურაცხმყვეს, წლების განმავლობაში მიდის ეკლესიისა და სასულიერო პირების ლანძღვა-გინება. ღმერთის წინაშე რომ წარვდგებით, ღმერთი კი არ გვკითხავს, ვინ როგორ იქცეოდა, გვკითხავს, ვის როგორ ვექცეოდით. ძალიან არ მომეწონა ჩემი საქციელი, მაგრამ იმ დროს არ ვიცი, რა მოხდა, როგორ მოვხვდი იქ, რას ვამბობდი. ერთადერთი მახსოვს, ის ბიჭი რომ მლანძღავდა და მელაპარაკებოდა კუბოებზე, ღმერთს ვეხვეწებოდი, ეს ბიჭი გაიყვანე აქედან-მეთქი, შეიძლება ხელითაც შევხებოდი, რაც ძალიან ცუდია. მას ერთი პასუხი გავეცი და მერე შევტრიალდი სხვა ადამიანისკენ, რადგან მართლა შეიძლებოდა ფიზიკურად ვერ მომეთმინა... ის ვიდეო რომ ჩავწერე, პარაკლისი გადავიხადე ტაძარში და დავმშვიდდი, ისევ გავხდი ძველი მამა შალვა.
ვიდეო: "მთავარი არხი"