"ამ ქვეყნის აწიოკება გინდა?" - რა თქვეს ბიზნესმენებმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დაწყებამდე
12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს - ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა! - ასე მიმართა "VR ჰოლდინგის" დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ კი პრემიერთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ქვეყანას და ბიზნესს სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და მეტი დეტალის შესახებ მისი დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
ვიდეო: "TV პირველი"