"იმედზე" გასულმა ამორალურმა დიალოგმა, 2009 წელს მომხდარი ძალადობის ფაქტი გამახსენა" - რას წერს ნიკა მელია ზურა მანჯავიძის ეთერის შემდეგ?
მომღერალ ზურა მანჯავიძის სატელევიზიო ეთერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია ეხმაურება.
"ტვ იმედზე გასულმა ამორალურმა დიალოგმა, 2009 წელს მომხდარი ძალადობის ფაქტი გამახსენა.
მაშინდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეს, მომღერალ ზურა მანჯავიძეს და მის ძმებს, მთაწმინდაზე ხელკეტებით შეიარაღებული, ნიღბიანი ზონდერები დაესხნენ თავს, მის მიერ გამოხატული, პოლიტიკური პოზიციის გამო.
დღეს ზის, იგივე ზურა მანჯავიძე და მოძალადე რეჟიმს "რეცხავს", მის გვერდზე მჯდომი წამყვანი კი, ზონდერების მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმას "პირად ანგარიშსწორებას" უწოდებს,ანუ ხელისუფლება არაფრის შუაშიაო.
ზურა მანჯავიძე, მინიმალური ადამიანობის საკითხია - გულწრფელად სოლიდარობას უცხადებდეთ ძალადობის მსხვერპლს, მითუმეტეს როდესაც თავად გამოგიცდიათ იგივე და რეჟიმის "მრეცხავად" არ ისხდეთ პროპაგანდისტულ არხზე.
ადრეც არსებობდნენ და ახლა ხომ არსებობენ და არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ხელისუფლების ძალადობა ხან ცუდია და ხან კარგი - ხელისუფლებას გააჩნია!
არც საქართველოს, არც თბილისს, ძალადობა არცერთი ხელისუფლებისთვის უპატიებია. მოძალადეების "რეცხვით" საზოგადოებაში სტატუსს ვეღარავინ შეინარჩუნებს" - წერს მელია.
გუშინ ტელეკომპანია "იმედზე" ზურა მანჯავიძემ იმ ე.წ. ბულინგზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის პოლიტიკის გამო წარმოიშვა. მანჯავიძის თქმით, შვილებთანაც კი დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ მათ არგუმენტებს დაუპირისპიროს.