"თუ ეს არის ვინმე ჩვენი მომხრის მიერ გაკეთებული, მე მას შემიძლია ვუთხრა..." - რა თქვა მამუკა მდინარაძემ "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ვერსიებზე?
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, თუ დავუშვებთ, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდამსხმელი არა ოპოზიციის, არამედ "ქართული ოცნების" მომხრეა, მან უდიდესი მავნებლობა ჩაიდინა და "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხა წყალი.
"იმავე დღეს, მე ვთქვი, თუ ეს არის ისეთი ვიღაცის გაკეთებული, მათ ვერსიას აქაც რომ გავყვეთ, ერთ-ერთი იდენტიფიცირებული არ ფიქსირდება როგორც "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი და თუ ეს გაკეთებულია ვინმე ჩვენი მომხრის მიერ, მას შემიძლია ვუთხრა, რომ ამ საქციელით ჩვენი მხარდაჭერა კი არა, ჩაიდინა უდიდესი მავნებლობა და "ნაცების" წისქვილზე დაასხა წყალი - ეს მეორე ვერსიის თანახმად. თუ კოჰაბიტაციური შენაერთი იყო და ის ახორციელებდა ამ დანაშაულს, მაშინ, არ ვიცი, რაშია საქმე", - განაცხადა მდინარაძემ.