თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი, ხაშური, ბათუმი, ფოთი - საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს
საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. თბილისის გარდა მომიტინგეები შეკრებილები არიან რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში და სხვა ქალაქებში.
ბათუმში საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
მათივე განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში აქციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს.
აქცია მიმდინარეობს გორის ცენტრშიც. შეკრებილები არიან ახალგაზრდები, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები.აქციის მონაწილეებმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით გადაინაცვლეს "ქართული ოცნების" გორის ოფისთან, მსვლელობის პარალელურად, გორელებს შეძახილით - „გამოდით“, მოუწოდებენ, რომ აქციას შეუერთდნენ.
აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები. პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოდ მსვლელობის უზრუნვლსაყოფად, სტალინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა.
ფოთში, მოქალაქეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი, ერთ-ერთი გზა - გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი გადაკეტეს.დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა“ ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.