აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს - რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში
აშშ აჩერებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მუშაობაზე.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით "ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო ახლო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო კრემლისთვის მოწყვლადი გახადა. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას.შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ქართველების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს.
"ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტი-დემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ანტი-კორუფციული ძალისხმევებისადმი ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა. "ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაუბრუნდეს თავის ევრო-ატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტი-დემოკრატიული კანონები, რომლების ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს," - ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე, საზოგადოებაში ხელისუფლების გადაწყვეტილება პროტესტის მიზეზი გახდა. საპროტესტო აქციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს, პარალელურად, თანამდებობებს ტოვებენ სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეები და ასევე მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური მისიით წარგზავნილი ელჩები.
ბოლო სამი დღის განმავლობაში დიპლომატიური თანამდებობა დატოვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში სალომე შაფაქიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ასზე მეტმა თანამშრომელმა.