ტელეკომპანია "რუსთავი 2" კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა - "25 წელია ჟურნალისტი ვარ... არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან, როგორც ახლა!"
ტელეკომპანია "რუსთავი 2" კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, თამარ ნუცუბიძემ დატოვა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი სოციალურ ქსელში წერს.
"თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. 25 წელია ჟურნალისტი ვარ. რა აღარ გამიშუქებია, კონფლიქტები, არჩევნები, მიტინგები, აქციები, მინისტერიალები და სამმიტები.
ჩემს ცხოვრებაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, ბრუსელიდან მე მოგიყევით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება და კანდიდატის სტატუსი. ამაზე საამაყო მე არაფერი მომიყოლია თქვენთვის!
დღეს კი, არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან როგორც ახლა! ათი წლის წინ, აქ ბრუსელში, სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა.
გამომდინარე აქედან, თქვენი, მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.
P.S. საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი" - წერს თამარ ნუცუბიძე.
ცნობისთვის, "რუსთავი-2" ჟურნალისტებმა მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმაც დატოვეს.