"თავში უამრავი რაღაც მომხვდა, დამახეთქეს ძირს და მცემეს..." - რა თქვა სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა?
"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ანატოლი გიგაურს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"კარი გავაღე, დავდექი და ხელი დავალაგე საპატრულო მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი.ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს. მერე მესმის ხმები, აქეთ გამოიყვანეო. მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო და თან თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დაბლა ვიხედებოდი, მაღლა ვერ ვწევდი თავს. დამახეთქეს ძირს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ. შემდეგ ამაყენეს ფეხზე, უკვე სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს"- თქვა გიგაურმა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.