"გელოდებით ყველას ხვალ, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე" - თინა ბოკუჩავა
24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას გამართავს. თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული მოქალაქეები, ამის შემდგომ კი, დედაქალაქის მასშტაბით მანქანებით მსვლელობა გაიმართება, - აღნიშნული განცხადება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე გააკეთა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გმირთა მოედანზე სამოქმედო გეგმის სახით გაკეთებული განცხადება მთლიანად, პროდასავლური ოპოზიციის სახელით გაკეთებული განცხადებაა.
„დღეს, როგორც იცით, 22:00 საათამდე ვართ აქ, არ ვიძვრებით აქედან, მაგრამ ახლა, მინდა პუნქტობრივად გაგაცნოთ პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება 24 და 25 ნოემბრის დღესთან დაკავშირებით.
24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით, აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, რეგიონებიდან შემოგვიერთდება მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. 21:00 საათზე, შეკრების შემდგომ, ჩვენ ფეხით მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს. დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები, რომელიც ჩამოვა „რესპუბლიკის მოედანზე“ , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ავტომობილები, რომელიც შეიკრიბება „თავისუფლების მოედანზე“ შემდგომი ღამის, დაახლოებით, 2 საათის მანძილზე, მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით იმისთვის, რომ ამ მანქანების მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოხვიდეთ „რუსთაველზე“.
კიდევ ერთხელ, თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“ გვინდა გამოვუცხადოთ, რომ თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ თავყრილობას ხვალ, ეს იქნება თვითგამოცხადებული ადამიანების შეკრება და მეტი არაფერი. ამას მათი მხრიდან არაფერი საერთო არ ექნება არც საქართველოსთან, არც კონსტიტუციასთან, არც პარლამენტთან“, - განაცხადა ვაშაძემ.