ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ 20-ზე მეტი კარავია გაშლილი - როგორია ვითარება ადგილზე?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებმა დამატებითი კარვები მიიტანეს.
კერძოდ, მათ ადგილზე 20-ზე მეტი კარავი გაშალეს.
ამასთან, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.
კარვების გაშლის შედეგად სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ რამდენიმე მიმართულებითაა შეფერხებული. კერძოდ, ამ დროისთვის ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი პარალიზებულია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მოწოდების შემდეგ მომიტინგეებმა ტერიტორია გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.