"საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს" - ინტელექტუალთა კლუბის "რა? სად? როდის?" მონაწილე ბესო ბუთურიშვილი გარდაიცვალა
იურისტი, ინტელექტუალთა კლუბის "რა? სად? როდის?" მონაწილე ბესო ბუთურიშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ბესო ბუთურიშვილს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
"ჩემო უსაყვარლესო და მზრუნველო ძამიკო, დიდებულო და უკეთილშობილესო ადამიანო, შენ დიდხანს ებრძოდი ვერაგ დაავადებას გმირულად, მთელი სულით და გულით გინდოდა შენს ოჯახთან და მეგობრებთან დაბრუნება, თუმცა ჩვენდა საუბედუროდ, განგებამ არ მოგცა ამის საშუალება. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი შენს კეთილ სულს! ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები! პანაშვიდი: პარასკევი-შაბათი (15-16 ნოემბერი) 17:00-დანდაკრძალვა: კვირა (17 ნოემბერი) 14:00 საათზე. მისამართი: სარიტუალო დარბაზი- უნივერსიტეტის N6 (საბურთალოს სასაფლაოსთან)პანაშვიდიც და გამოსვენებაც ამ მისამართიდან იქნება...
ბესო 26 წლის წინ გავიცანი, ჯერ სტუდენტობისას როცა "რა სად როდის" თამაში დავიწყე ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში. შემდეგ თითქმის 2 ათწლეული განმავლობაში ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო, უამრავი გამარჯვება ავღნიშნეთ ერთად საქართველოს თუ თბილისის ჩემპიონატებზე, ჩვენი ქვეყნის ღირსებაც დავიცავით ნაკრებში და ბევრი სხვა თავგადასავალიც გადაგვხვდა ამ წლების განმავლობაში. ბოლო პერიოდი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა და გარშემო ყველას დიდი იმედი გვქონდა რომ მოერეოდა. პრინციპული და ძალიან დადებითი ადამიანი, 3 შვილის მამა, საუკეთესო მეგობარი, მოაზროვნე და მოქალაქე უდროოდ დავკარგეთ...
საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს ჩვენს კლუბსა და დიდ ოჯახს. 48 წლის ასაკში ხელიდან გამოგვეცალა ჩვენი დიდი მეგობარი და სუმომანთა კლუბის ერთ-ერთი უხუცესი წევრი, ბესო ბუთურიშვილი. მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა ბესოს. ძალიან მინდა რაიმე სანუგეშო სიტყვა ვიპოვო მათთვის, მაგრამ მემგონი არ გამომივა, რაც არ უნდა ვცადო..უბრალოდ, მივაგოთ პატივი ჩვენს ძმას ღირსეულად და დავუდგეთ მის ოჯახს გვერდში...
ცოტა ხნის წინ საზარელი ამბავი შევიტყვე და ძალიან დავითრგუნე - ბესიკ ბუთურიშვილი გარდაცვლილა, ჩემი ყმაწვილკაცობის მეგობარი, ვისაც ინტელექტუალურ კლუბში - "რა? სად? როდის?" - დავუახლოვდი. უფრო სწორად, იმ დროიდან, როცა სატელევიზიო გადაცემები არ არსებობდა, მაგრამ კითხვებზე პასუხების მაძიებლები ყოველ კვირით ფილარმონიის ერთ კუთხეში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში ვიკრიბებოდით.მე მაშინ აქტიური სპორტსმენი ვიყავი და სისტემატურად ვერ ვმონაწილეობდი კლუბის ცხოვრებაში, მაგრამ ბესო კი გაჰყვა ბოლომდე და ქართველმა მაყურებელმაც გაიცნო სატელევიზიო გადაცემებით.უგანათლებულესი და უკეთილშობილესი ადამიანი იყო.სხვა რა მაგალითი მოგიყვანოთ, ბოლოდროინდელ ჩემთან დამოკიდებულებაზე მოგახსენებთ: კარგა ხანი არ მენახა და თურმე ვერაგ დაავადებას ებრძოდა, რის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. ორი თვის წინ კი, როცა უცხო ქვეყანაში ძალიან გამიჭირდა და სახლში დასაბრუნებლად დახმარება ვითხოვე, ერთ - ერთი პირველი ბესო გამომეხმაურა და სოლიდური თანხით შემეწია. თურმე თვითონ როგორ უჭირდა, სიკვდილს ებრძოდა და მაინც სხვაზე ფიქრობდა!ასეთ ქცევას საზომი არ აქვს - უფლის ტოლა ქმედებაა და ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, უფალი უთუოდ თავის უბეში ჩაიკრავს ამ ღვთიანმადლიან კაცს!შენი სულის ჭირიმე, ჩემო ბესო!" - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.