"წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა, ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა" - ქეთევან თურაზაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
ქეთევან თურაზაშვილი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, ჯაფარიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ის კვლავ თანამდებობაზე რჩება და საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულიც კი არ არის.
როგორც საბურთალოს ოლქში, ოპოზიციის კიდევ ერთი დანიშნული წევრი, შორენა ბუხრაშვილი აცხადებს, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრეც, თეონა ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ოპოზიციონერების მხრიდან, არაერთი საჩივარი დაიწერა. კერძოდ, მისივე თქმით, ისინი ოლქის ხელმძღვანელს მიმართავდნენ, რომ ჯაფარიძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ოპოზიციონერების მიმართ, მათ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა საჩივრებზე რეაგირება არავის მოუხდენია.