დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - "ვაშინგტონ პოსტი“
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა რომ ევროპაში ვაშინგტონის სამხედრო ძალები იმყოფებიან.
ანონიმური პირის თქმით, ორმა ლიდერმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის მიზანი განიხილა, ტრამპმა „უკრაინის ომის მალე დასრულების“ განსახილველად შემდგომი დიალოგის სურვილი გამოხატა. ანონიმური წყაროს თქმითვე, უკრაინის მთავრობა ინფორმირებული იყო პუტინთან საუბრის შესახებ და საუბრის გამართვასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, პირად საუბრებში ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინის მიტაცებული ტერიტორიების ნაწილს შეინარჩუნებს, მხარს დაუჭერს.