რა შეიცვლება საქართველოსთვის და უკრაინისათვის ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ?
5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დემოკრატი კამალა ჰარისი დაამარცხა.
ფაქტობრივად, ამერიკის რიგით 47-ე პრეზიდენტმა რესპუბლიკელების "ისტორიული" გამარჯვების შესახებ უკვე გამოაცხადა - მან მხარდამჭერებს ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ პალმ ბიჩიდან მიმართა და თავისი გამარჯვების გარდა, სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვება აცნობა. დონალდ ტრამპმა თავის წარმატებას ამერიკელი ხალხის "შესანიშნავი გამარჯვება და სიგიჟე“ უწოდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
- რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან ახლო აღმოსავლეთთან და ისრაელთან, ასევე, იმავე უკრაინასთან მიმართებაში? წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის დამთავრება შეუძლია. კონტექსტი როგორ გავიგოთ, ომის რა ფორმით დამთავრებას გულისხმობდა?
ტრამპის ხედვები ამ მხრივ ცნობილია და ის კიდევ უფრო მეტად ხისტია, ვიდრე თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაცია, ანუ მეტი დახმარება ექნება ისრაელს ამ კონტექსტში. რაც შეეხება უკრაინას, ომის დამთავრება არ ნიშნავს იმას, რომ ის რუსეთს უკრაინაში გავლენის სფეროებს უტოვებს.
ტრამპს თავისი ხედვა აქვს, რომელსაც ის წარმოადგენს ფართოდ და ყველასთვის გასაგებად. იცით, რომ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა შედგა, რაზედაც ზელენსკიმ თქვა, ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დამრჩაო. ტრამპმა ძალიან კარგად იცის რა რესურსები აქვს ამერიკას ჩადებული უკრაინაში და ის შეეცდება, რომ ის პოლიტიკური ინვესტიციები, რაც განხორციელებული აქვს ამერიკას, ანუ ამერიკის აქტივები მაქსიმალურად იყოს დაცული.
როგორც პირველი პრეზიდენტობის დროს, ის ყოველთვის აცხადებდა, რომ ამერიკა იყო first (პირველი), ახლაც იქნება America first. თავისთავად ცხადია, რომ რაღაცები შეიცვლება, რაღაცებში იქნება ხისტი მიდგომები, სავარაუდოდ, უფრო გააქტიურდება იმავე ნატოში ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დაკავშირებულია თავდაცვის ბიუჯეტის ზრდასთან და ა.შ.
რუსეთთან ურთიერთობაში, ვნახოთ, როგორ პოზიციას დაიკავებს. ის არ არის რბილი მოსაუბრე, საკმაოდ ხისტია და ხშირად საკმაოდ უხეშიც. რუსეთთან ურთიერთობის თემა იმდენად კომპლექსური თემაა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას აშშ-ში მარტო პრეზიდენტი არ იღებს. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, დაველოდოთ გუნდის ჩამოყალიბებას, ვნახოთ, ვინ იქნება სახელმწიფო მდივანი, ტრამპის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, შევხედოთ, ამ კონფიგურაციას..." - ამბობს თეგიზ ფხალაძე "ამბებთან" საუბრისას.