რას ამბობს მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე?
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, რომელიც მედიის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის საუბარს ასახავს, ავთენტიკური არაა და „ასეთი საუბარი არ შემდგარა“.
მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ორი არგუმენტი დაასახელა, რომელიც, მისი აზრით, აღნიშნული ჩანაწერის არარეალურობას ადასტურებს.
ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც, მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერს ესაუბრება. მედიის მტკიცებით, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ამ სამიდან ერთ-ერთს ურეკავს, ისინი კი ამ დროს ერთი ავტომობილით მგზავრობენ და საერთო საუბარში მონაწილეობენ. მათივე ცნობით, მოვლენები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარდება და საუბრის მთავარი თემა ხმების დათვლასა და პარალელური დათვლის შედეგებს შეეხება.