უკრაინის დრონებით პირველად განხორციელდა იერიში დაღესტნის ტერიტორიაზე
დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტმა მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა დრონებით განხორციელებული იერიშის გამო - ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებს აცნობა აეროპორტის დირექტორმა, საიდ რამაზანოვმა.
მანამდე დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელი, სერგეი მელიკოვი ტელეგრამით წერდა, რომ ქალაქ კასპიისკის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ნგრევის და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაღესტნის ტერიტორიაზე ეს პირველი შეტევაა დრონებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაწყების შემდეგ.
ქალაქის თავზე მფრინავი დრონი თვითმხილველებმა გადაიღეს, გამოცემა Astra აქვეყნებს სულ მცირე ორი დრონის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. ერთი მათგანი მშენებლობის თავზე ჩამოაგდეს, მეორე ნავსადგომთან ჩამოვარდა.
Baza წერს, რომ დრონებით განხორციელებული შეტევის გამო მაჰაჩყალის აეროპორტში სამი რეისის გაფრენა შეაჩერეს.