"სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა - ამ პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ შევა!" - ნიკა მელია
ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მელიას თქმით, ყველა ქუჩაში უნდა იდგეს იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა.
“კითხვების დასმა ერთმანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, დღის წესრიგიდან მოხსნილია. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება. არა იმიტომ, რომ აქ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური, კოალიციური ჯგუფებისთვის მოპარული, ანუ თქვენთვის მოპარული არჩევნების შედეგები თვალსაზრისით აღდგეს სამართლიანობა, არა, ახალი არჩევნები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება.
არა ნაცვალსახელ „მე“-ს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვართ ყველანი ერთნი! დასრულდა წინასაარჩევნო ბრძოლა. ამ ქვეყანაში ჩვენი გამარჯვების გარეშე არჩევნები აღარასდროს ჩატარდება. არც ერთი თავმოყვარე ადამიანი ამ რეჟიმის პირობებში არჩევნებზე აღარ წავა! მაშასადამე, ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა. ამ პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა!” - განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.