ირანში სტუდენტმა, პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა - მას “მორალის პოლიცია” ჰიჯაბის არასწორად ტარებას ედავებოდა
ირანში სტუდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ინფორმაციით, ქალმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ირანის "მორალის პოლიციამ" მას ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Amnesty Iran სტუდენტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.
უფლებადამცველი ორგანიზაცია ქალის "წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისგან" დაცვას მოითხოვს. ორგანიზაციის თქმით, "დაკავების დროს ქალის ცემისა და მასზე სექსუალური ძალადობის ბრალდებები მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს".
სოციალურ მედია X-ზე გავრცელდა ვიდეობი, რომელიც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თეირანში, აზადის ისლამური უნივერსიტეტის კამპუსიდან გადაიღეს. ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტ სივრცეში ქალს მისი "გაბედულობისა" და "გამბედაობისთვის" აქებენ.
წყარო: "ტაბულა"