"ოპოზიციის გეგმაა, რომ გეგმა ორშაბათს იქნება - თქვეს, „ქართველი ხალხის გაბრაზება უნდა განვახორციელოთო“ და თავისი ამომრჩეველი გააბრაზეს - ოპოზიცია უკვე „აჭრილია“" - რას ამბობს მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე?
ოპოზიციის გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ, უსერიოზულესი გეგმაა - როდესაც თქვეს, ჩვენ ახლა ქართველი ხალხის გაბრაზება უნდა განვახორციელოთო, თავისი ამომრჩეველი გააბრაზეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გეგმის გამოცხადების ორშაბათისთვის გადადებას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკვე „აჭრილია“ და სწორადაც ვეღარ მეტყველებს.
„მათი გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ. ეს არის უსერიოზულესი გეგმა. სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით. როდესაც მათ თქვეს, ჩვენ ახლა უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი. „გაბრაზების განხორციელება“ რაღაც ახალი ტერმინია - გავაბრაზოთ თქვან; გაბრაზებულ იქნას ნაცვლად თქვან, გაბრაზდა. რას ლაპარაკობენ, უკვე აჭრილები არიან, ვეღარც მეტყველებენ სწორად. ჩახლართეს რაღაც სიტყვათა წყობა, მაგრამ რეალურად, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი. მართლა მესმის, გულწრფელად მესმის მათი. როდესაც ამომრჩეველს ეუბნები, „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს და შემდეგ 54%-ის იღებს, უბედურ მდგომარეობაში ვარდები და რაღაც უნდა ქნა. რა უნდა ქნა, ვერ ხვდები, ვერც „ტოპ ტვინები“ გიტვინავენ, ვერც თენგო იძახის ვერაფერს და ხარ ამ საოცარ მდგომარეობაში, როდესაც არსად გაქვს გასაქცევი, არგუმენტებს ვგულისხმობ და არა სხვა გაქცევას, რამე რომ არ დაგვაბრალონ. შემდეგ იგონებ გეგმას, რომლის მიხედვითაც, გეგმა ორშაბათს იქნება. ამიტომ მოდი, ძალიანაც ნუ დავზრახავთ ამ ხალხს. ჯერ ერთი ტყუილი თქვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ 25% აქვს და მეორე ტყუილს ახლა საუბრობენ გადასაფარად“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.