ახალი დეტალები წალკაში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა - "35 წლის არის ყველაზე უფროსი, უმცროსი კი 22 წლის"
უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ წალკაში. ოთხი ახალგაზრდა ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მომხდარს ჩვენთან საუბარში ადასტურებს წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ემზარ გელოვანი. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭები თბილისში "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციაზე იყვნენ და იქიდან შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია დატრიალდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში მერის მოადგილე არ ადასტურებს.
"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, 4 ახალგაზრდა კაცია გარდაცვლილი. სვანი ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანა გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა მანქანამ დაარტყა ამ დროს. სამწუხაროდ, ოთხივე ადგილზე დაიღუპა. არ მისული წალკამდე მოხდა ეს ტრაგედია. ახალგაზრდები არიან, 35 წლის არის ყველაზე უფროსი, უმცროსი კი 22 წლის. როგორც ვიცი, სვანეთიდან მოდიოდნენ მანქანით. ვინც დაეჯახა ის გამვლელია, სატვირთო მანქანით მოძრაობდა და გაიტანა ყველანი. თბილისშია გადაყვანილი ცხედრები და ახლა მიდის ექსპერტიზა, ჯერ დასრულებული არ არის. ოთხივე ადგილზე დაიღუპა, მძიმე ტრაგედიაა. თანავუგრძნობ მათ ოჯახებს. მეც შევესწარი მომხდარს, ავარია უკვე მომხდარი იყო, პოლიცია იქ იყო, გავაჩერეთ მანქანა და გავიგეთ ეს საშინელება...", - ამბობს ჩვენთან საუბარში ბატონი ემზარი.
გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებაც ვცადეთ ბატონ ემზართან და ვკითხეთ, ახალგაზრდები აქციიდან ხომ არ ბრუნდებოდნენ, მან ეს ინფორმაცია უარყო. გააგრძეთ კითხვა