loader

"ამას აქვს ახსნა, მაგრამ გამართლება არ აქვს" - რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჯგუფ "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამას აქვს ახსნა, მაგრამ გამართლება არ აქვს" - რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჯგუფ "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე?

ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე“ - ამას აქვს ახსნა, მაგრამ გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „მგზავრების“ გადაწყვეტილებას 20 ოქტომბერს, მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე აღარ იმღერონ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯგუფს კონცერტის გაუქმება ლიბერალურ ფაშისტური თავდასხმით აიძულეს.

„ეს არის კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც შეგვახსენებს თუ რამდენად მძიმე გამოხატულება აქვს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში და ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით. ორი თვის წინ მოვისმინე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს, 10-წუთიანი ვიდეომიმართვა, მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმის შემდეგ გამოვიდა საავადმყოფოდან. ის ჰყვებოდა იმის შესახებ თუ როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება სლოვაკეთში. ეს 10-წუთიანი მიმართვა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოშია. ეს აჩვენებს იმას, რომ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება იდენტურია საქართველოსა და სლოვაკეთში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე იმ ძალების მიერ, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ლიბერალურ ფაშიზმს. ამ შემთხვევაში, ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ ფაშისტური თავდასხმა კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე“. ეს არ ამართლებს მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ, გარკვეულწილად, შეიძლება ახსნა მოუძებნო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს. ძალიან მძაფრი არის - ხოლმე ლიბერალური ფაშიზმის თავდასხმები ამა თუ იმ პირის, ორგანიზაციის მიმართ. შესაბამისად ამას აქვს ახსნა, მაგრამ გამართლება არ აქვს.

თავის დროზე, როცა ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში ასეთი ფორმით არ მძლავრობდა, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. მას შემდეგ რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, უკვე ხედავთ, რომ კონკრეტულ ჯგუფს ეზღუდება კონცერტის გამართვა საქართველოშიც კი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სწორედ ლიბერალურ ფაშიზმს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მნიშვნელობაზე. როგორც კი არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან, ლიბერალურ - ფაშისტური პოლიტიკური ძალები, მაშინვე დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში და არც ასეთ ჯგუფებს არ შეექმნებათ მოგვიანებით პრობლემა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ზღვისუბნის პარკის გახსნაზე „მგზავრების“ კონცერტი აღარ გაიმართება. დედაქალაქის მერიის განცხადებით, „მგზავრებმა“ ბულინგს ვერ გაუძლეს. თავის მხრივ, „მგზავრები“ თავიანთ გულშემატკივრებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.