რას ამბობენ დიდუბის ავტოსადგურში მძღოლები სიახლესთან დაკავშირებით, რომელიც საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეეხება - "არ გაამართლებს ავტობუსები"
„ავტობუსები არ გაამართლებს, „მარშრუტკებიც“ კი ცარიელები დავდივართ და ამხელა ავტობუსებს როგორ შეავსებენ? - ხარჯი ძალიან დიდი იქნება“ - ასე ეხმაურებიან დიდუბის ავტროსადგურში მძღოლები 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს.
შეგახსენებთ, რომ როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტობუსი).
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ მძღოლები ამბობენ, ახალი რეგულაცია მხოლოდ მგზავრებისთვის იქნება ხელსაყრელი. მათთვის კი დიდი პრობლემაა.
„48 წელია, რაც მძროლად ვმუშაობ. ტრანსპორტი, რომელიც მგზავრთა ნაკადს ემსახურება ყოველთვის ზარალზე იყო. მგზავრი თითქმის არ არის, ახლა ბათუმში მიდის ეს მანქანა, 500 კილომეტრი უნდა გაიაროს და მხოლოდ 4 მგზავრი ჰყავს. ეს მუშაობა და ცხოვრება არ არის. სეზონური მუშაობა გვაქვს,“ - ამბობს დავით კამლაძე.
„ალბათ „მარშრუტკის“ მძღოლებს საქართველოდა გაქცევა მოგვიწევს. ავტობუსის მძღოლად რომ გადავიდე აზრი არ ექნება, ხალხი არ გვყავს. 20-კაციანი მანქანა მყავს და 10 მგზავრიც არ არის. ავტობუსზე მუშაობას რა აზრი ექნება?“ - ამბობს კიდევ ერთი მძღოლი.
მძღოლების მცირე ნაწილი კი მოსალოდნელ ცვლილებებს პოზიტიურად ხვდებიან და ფიქრობენ, რომ სამარშრუტო ტაქსები შესაცვლელია და ავტობუსების შემოყვანა აუცილებელი.
„ფიქრობ, რომ წინ უნდა წავიდეთ. „მარშრუტკებს“ ოდესმე მაინც შეცლიან. გადავალ ავტობუსზე და ვუმუშავებ, ცუდი რატომ იქნება?“ - ამბობს მძღოლი.