"მძღოლი ნასვამი ყოფილა...ნანას მეზობელია" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპულ ორსულ ქალზე მისი თანასოფლელი?
ტრაგიკულად დაღუპული ორსული ქალის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ნანა ბასილაიას თანასოფლელი Ambebi.ge-ს უყვება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დილის საათებში მოხდა.
"მძღოლი ნასვამი ყოფილა, ისიც სალხინოდანაა, გვარად ლაზარია, ნანას მეზობელი. თბილისიდან ახალი ჩამოსული ყოფილა და მანქანით სიგარეტის საყიდლად გამოსულა, ნანა მასწავლებელია და სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, მანქანა დიდი სისწრაფით გამოვარდნილა, ქალი კუთხეში მიყუჟულა, არ ელოდა, იქამდე თუ მიაღწევდა, წამებში მოხდა ყველაფერი. მანქანამ ქალი ჰაერში ააგდო... მძღოლი ადგილიდან არც მიმალულა და პოლიციას ჩაბარდა.
ნანა მეორე შვილზე იყო ორსულად. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალი მალევე გადაიყვანა ქუთაისის კლინიკაში, ექიმებმა მაშინვე თქვეს, რომ ქალს ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. ქირურგს მიყვანისთანავე უთქვამს, ტვინი მკვდარიაო... საწყალი ქალი 5 დღე ებრძოდა სიკვდილს და დღეს გარდაიცვალა. ისეთი ბედნიერი იყო, ვერ წარმოიდგენთ... მას პატარა გოგონა დარჩა“.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს მარტვილში, სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომობილი ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლის ნანა ბასილაია ქუჩას კვეთდა.
წყარო: Ambebi.ge