"გამარჯვებული დაბრუნდა საქართველოში და საკუთარი ძმა დახვდა მხოლოდ აეროპორტში" - ვინ არის ქართველი "სტრონგმენი", რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დიდი წარმატება მოუტანა
"ეს მთა კაცი ავთანდილ ყარმაზანაშვილია.
გუშინ დაბრუნდა გამარჯვებული საქართველოში, საკუთარი ძმა დახვდა მხოლოდ აეროპორტში... დღეს და ხვალ კი ისევ სამსახურში იქნება, როგორც აქამდე.
მერე კიდევ მოიგებს, ისევ ასახელებს საქართველოს, ისევ ასწევს დროშას ყველაზე მაღლა. ჩვენ კიდევ ზარ-ზეიმით მხოლოდ "პოპულარულ" სპორტსმენებს შევეგებოთ აეროპორტში....
ასეთი სპორტსმენები კი ისევ წყნარად გააგრძელებენ წარმატების მიღწევას" - წერს გვერდი Irakli Arabuli's Blog სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ქართველმა "სტრონგმენმა" ავთანდილ ყარმაზანაშვილმა ერთი კვირის განმავლობაში გერმანიასა და ფინეთში გამართულ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე დიდი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
კერძოდ, 28 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ფულდაში "სტრონგმენის" ძველი წესებით მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა (120+კგ) ავთანდილ ყარმაზანაშვილმა, აბსოლუტური უპირატესობით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ორი მსოფლიო რეკორდის დამყარება მოახერხა.
5 ოქტომბერს კი ფინეთში ყარმაზანაშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე "მასრესლინგში" (ძალისმიერი ფიტნესი), ფურორი მოახდინა და როგორც თავისი წონითი კატეგორიის, ასევე აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და 2 ოქროს მედალს დაეუფლა.