მასწავლებელს, რომელსაც ჯერ სიძე, შემდეგ კი ერთადერთი შვილი გარდაეცვალა და შვილიშვილს მარტო ზრდის, მოსწავლეებმა მანქანა აჩუქეს - "ცუდად გავხდი, ნიშადურიც კი წამოუღიათ ბავშვებს"
ლალი იმერლიშვილი უკვე რამდენიმე წელია, რაც გალობას სრულიად უსასყიდლოდ ასწავლის. ამბობს, რომ მოსწავლეებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მისი დაბადების დღე არასდროს ავიწყდებათ და ყოველ წელს ღამის 00:00 საათზე მასთან სახლში მიდიან. წლევანდელი დაბადების დღე კი გამორჩეული იყო. პედაგოგი გვეუბნება, რომ ამას კარგ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა. ლალი მასწავლებელს მანქანა აჩუქეს. თანხას კი 6 თვის განმავლობაში მისგან ფარულად აგროვებდნენ.
ამბობს, რომ ერთმანეთთან ასეთი ურთიერობა მათი მოძღვრის დამსახურებაა.
"ზაჰესის, გრიგოლ ხანცთელის ტაძრის წინამძღვარი, მამა გურამი ბერძული, ამავე ტაძრის მღვდელმსახური, მამა ვახტანგი ოდიშელიძე და ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი სიყვარული მათი მოძღვარი არქიმანდრიტი ელისეა, ამათგან მოდის ეს დიდი სიყვარული, სითბო და ერთგულება," - ამბობს ლალი იმერლიშვილი.
წლების წინ, ლალი იმერლიშვილსა და მის შვილიშვილ თეკლა ეკალაძეზე წლების წინაც გიყვებოდით. თეკლა 3 წლის იყო, როცა მამა ზღვაში დაეხრჩო, რამდენიმე წლის შემდეგ, კი დედას თავში ანევრიზმა გაუსკდა და დაიღუპა. თეკლას ზაჰესში ბებია ზრდის.
2019 წელს, თეკლამ რუსულ მუსიკალურ შოუში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა. თეკლა გვიყვება, რომ ყოველ წელს კვლავ იწვევენ მუსიკალურ კონკურსებში, თუმცა რუსეთში წასვლა და იქ სიმღერა არ სურს.