"ჩემი შვილი ორჯერ დაიბადა - ექიმებმა ის საშვილოსნოდან ამოიყვანეს ოპერაციის ჩასატარებლად, შემდეგ კი ისევ უკან მოათავსეს" - რა დაავადება აქვს ბავშვს, რომლის გამოც დიდ ბრიტანეთში ქალმა ორჯერ იმშობიარა
"ჩემი შვილი ორჯერ დაიბადა - ექიმებმა ის საშვილოსნოდან ამოიყვანეს ოპერაციის ჩასატარებლად, შემდეგ ისევ უკან მოათავსეს" - დიდ ბრიტანეთში ქალმა ერთი და იგივე ბავშვი ორჯერ იმშობიარა.
ამის შესახებ Daily Mail წერს.
23 წლის ლიზა კოფის ორსულობის დასაწყისშივე უთხრეს, რომ მის შვილი "სპინა ბიფიდას" დიაგნოზით დაიბადებოდა.
ამ დაავადების დროს, ნაყოფის ნერვული მილი არ ვითარდება ან სათანადოდ არ იხურება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დარღვევა - ზურგის ტვინის დიდი თიაქარით დაწყებული (რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს), ხერხემლის მცირე დეფექტით დამთავრებული).
ექიმებმა დაავადების პროგრესირების შეჩერების მიზნით, ორსულობის 27 კვირაზე ბავშვს ოპერაცია ჩაუტარეს, რის შემდეგაც ის ისევ უკან, საშვილოსნოში დააბრუნეს. ქალმა ბავშვი მეორედ 38-ე კვირაზე იმშობიარა.
ბავშვმა, სახელად ლუკასი, 8 დღე გაატარა ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
ექიმების თქმით, ბიჭი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს სიარულს. მას ასევე რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა თავის ტვინისა და ხერხემლის დაზიანების აღმოსაფხვრელად.
დედის თქმით, ერთი წლის განმავლობაში, ფიზიოთერაპიის დახმარებით, ბავშვმა პროგრესი განიცადა. მშობლები იმედოვნებენ, რომ მათი შვილი დამოუკიდებლად შეძლებს სიარულს.
კვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 600 ბავშვი იბადება "სპინა ბიფიდას" დიაგნოზით.