4 სიახლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე ამოქმედდა
2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ:
გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა იზრდება 1-ლი ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე იზრდება. ცვლილების მიზანი, შავი ზღვის დაბინძურების პრევენციაა.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა გემიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე.
სანქციები მკაცრდება უკანონო თევზჭერაზესაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, ელექტროდენით, ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი, ასევე მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 320-დან 400 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. აღნიშნული ცვლილება დღეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
გარდა ამისა, კანონის თანახმად, ელექტროშოკური მოწყობილობა „თევზჭერის ელექტროიარაღად“ დაკვალიფიცირდა. შესაბამისად, დღეიდან, თევზჭერის ელექტროიარაღისა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის უკანონო ბრუნვა კი, მკაცრად დარეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით.
ამ მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.
ამასთან, თევზჭერის ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.
დღეიდან, წარმოებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა უნდა იყოს სადა და ერთგვაროვანი
დღეიდან, ამოქმედდა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვას შეეხება. კერძოდ, დღეიდან წარმოებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა უნდა იყოს სადა და ერთგვაროვანი. შესაბამისად, დღეიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება.
ამასთან, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ცვლილების დღეიდან ამოქმედებისა, ბიზნესს, უკვე დახლზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისთვის, კანონით გარდამავალი პერიოდი განესაზღვრა და დახლზე არსებული ნაწარმის რეალიზაციისთვის ამ პერიოდის განმავლობაში მათზე სანქცია არ გავრცელდება.
ბარსელონა ტურისტულ გადასახადს ზრდისეს სიახლე განსაკუთრებით დააინტერესებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ბარსელონაში გამგზავრება აქვს დაგეგმილი. ბარსელონა ტურისტულ გადასახადს ზრდის. მოსაკრებელი 1-ლი ოქტომბრიდან ქალაქში გატარებული ყოველი ღამისთვის ერთ ადამიანზე 4 ევროს შეადგენს.
ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში ქალაქის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადი არაერთხელ გაზარდა. კერძოდ, ბოლოს გადასახადი ორ ეტაპად, 2023 წლის 1 აპრილიდან 1,75-დან 2,75 ევრომდე, ხოლო 2024 წლის 1 აპრილიდან უკვე 3,25 ევრომდე გაიზარდა.
ამასთან, ამ საქალაქო გადასახადის გარდა, ბარსელონაში ვიზიტორებმა რეგიონული გადასახადიც უნდა გადაიხადონ. მისი ოდენობა იმ საცხოვრისის ტიპის მიხედვით იცვლება, რომელშიც დამსვენებლები ჩერდებიან.