"ცუდი რა არის ამაში?! პოზიტიურია, რომ ხელს შეუწყობს..." - რას ამბობს კახა კალაძე სერგეი ლავროვის განცხადებაზე?
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე საუბრისას განმარტა, რომ ყველა აცნობიერებს იმ დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც წლების წინ მოხდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი არაერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების მიზნით.
„ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, რათა შერიგება მოხდეს და ურთიერთპატიება, სხვანაირად შეუძლებელია. ერთმანეთის მიმართ ნდობა უნდა დავიბრუნოთ. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ლავროვის მხრიდან, რომ ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს, ცუდი რა არის ამაში?! პოზიტიურია, რომ ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს იმ დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც წლების წინ მოხდა. არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბრის. დესტრუქციულმა, რადიკალურმა ბოროტმა ძალამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ბოროტების მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნა თავის პატრონებთან ერთად, მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ჩვენც უნდა გავაკეთოთ ანალიზი.
ჩვენც გვაქვს ჩვენი შეცდომები დაშვებული და გვინდა, რომ ამ ურთიერთშერიგებით ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომლებიც ურთიერთპატიებას შეიცავს, თანაცხოვრება მოვახდინოთ, ტერიტორიების გამთლიანება. ეს გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით და ძალით, როგორც რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია თავის პატრონებთან ერთად. ივანიშვილის განმარტებას, გახსოვთ, რა სპეკულაციები მოჰყვა, ეს არის ბოროტი ძალა, მოღალატეები, რომლებმაც ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინეს. მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვეღუპა, ლტოლვილი მოსახლეობა მივიღეთ. არ გაქვთ წაკითხული ტალიავინის დასკვნა, მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი, თქვენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეს ხართ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და რადიკალები, რომლებიც ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას! თქვენ ხალხი 26 ოქტომბერს შესაბამის ადგილს მოგიჩენთ, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ აუცილებლად“, - აღნიშნა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.