რას ამბობს ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებზე? - "საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი"
„საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პოლიტიკური პარტიები, თქვენი NGO-ები იმას, რაც ხდება უკრაინაში, წარმოაჩენენ რომანტიკულად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამასაც აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეაგუოთ ომის იდეას, მაგრამ საქართველოში ომს და უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით ვერც თქვენი მედიასაშუალებები, ვერც თქვენი პარტიები და ვერც თქვენი NGO-ები...
საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რა არის ომის შედეგები და რა არის ომის ფასი იმისთვის, რომ არ იმუშაოს თქვენმა პროპაგანდამ“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებზეც ომში მყოფი უკრაინის კადრების საპირწონედ, საქართველოში გადაღებული კადრებია აღებული.