"როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა; შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის" - მამა ლეონ გელოვანი
"როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა. შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის" - ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ლეონ გელოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გარდაცვლილისთვის ე.წ. წესის აგებამ ასეთი მცდარი მნიშვნელობები შეიძინა საზოგადოებაში.
"ძალიან სამწუხაროა, რომ გარდაცვლილისთვის ე.წ. წესის აგებამ ასეთი მცდარი მნიშვნელობები შეიძინა საზოგადოებაში.
ერთი მხრივ, ზოგიერთისთვის ეს წესი ადამიანის ცხონების ან წარწყმედის გარანტიასთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, უკვე მერამდენედ, მისი ნიშნის მოგებით გამოყენება ხდება - ,,რომ არ გვიჯერებდით, ვერ მიიღებთ" პრინციპით.
"წესის აგება" ის საეკლესიო ლოცვითი წესია, რომელსაც ეკლესიის ტრადიციით, მღვდელი აღასრულებს გარდაცვლილი ქრისტიანი ადამიანისათვის.
რეალურად, ერთადერთ შემთხვევაში ხდება შეუძლებელი, ეკლესიამ გარდაცვლილს წესი აუგოს, თუკი ამ უკანასკნელმა სიცოცხლეში დაგმო ქრისტიანობა და ასე ვთქვათ, უარი უთხრა ღმერთს პირდაპირ და ცხადად, არა რომელიმე, თუნდაც დიდი ცოდვით, სავალდებულო ჯარისთვის თავის არიდების მიზეზით აღებული საბუთით და ა.შ.
ასევე, არ არსებობს წესის აგება ან მოხსენიება სქესის მიხედვით განსხვავებულად, მართლმადიდებელ ეკლესიას შეიძლება ბევრი პრობლემა აქვს სქესთან, გენდერთან, თანასწორობასთან დაკავშირებით, მაგრამ მსგავსი ნამდვილად არა.
შესაბამისად, ეს, ასე ვთქვათ, უხერხულობაც საერთოდ არ დადგებოდა ეკლესიისთვის წესის აგების შემთხვევაში.
ნებისმიერ მღვდელს, რომელსაც სამრევლოში უმსახურია, აუცილებლად ექნებოდა შემთხვევა, როდესაც ლიტურგიისას, პანაშვიდისას, სხვადასხვა ლოცვისას მოუხსენიებია ისეთი სახელი, რომლითაც შეუძლებელი ყოფილა სქესის გარკვევა, თუმცა ეს პრობლემას, რა თქმა უნდა, არასდროს წარმოადგენს.
ამ დეტალებს ვწერ არა ტრანსფობიური განწყობით, არამედ იმიტომ, რომ მსურს, ცხადად განვმარტო, რამდენად მარტივად იყო შესაძლებელი ეკლესიის მხრიდან წესის აგება ყოველგვარი უხერხულობების გარეშე.
როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა. შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის" - წერს ლეონ გელოვანი.