ბრიფინგი შსს-ში - გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა საქართველოს საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა, ის პოლიციის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სხვა სახელისა და გვარის გამოყენებას ცდილობდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა.
აღნიშნულის შესახებ დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მსჯავრდებული საქართველოში თურქეთის ტერიტორიიდან შემოდიოდა. დარახველიძის თქმითვე, ხეჩუაშვილი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის მიზნით, საკუთარი სახელისა და გვარის დასახელების ნაცვლად, სხვა სახელსა და გვარს ასახელებდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ხეჩუაშვილის თანამზრახველი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.