"როცა ასეთი ძალები არსებობენ, არავინ არაფერი არ უნდა გამორიცხოს" - რას ამბობს ბექა ოდიშარია კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ?
"ადამიანის ტრაგედიაზე პარაზიტირება, ასეთი მყისიერი უპასუხისმგებლო გამოხმაურება და საქართველოს ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა იმის გამო, რომ კანონი მივიღეთ, ჩემი აზრითა და ღრმა რწმენით, არის უზნეობა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, გუშინ თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.