რა წერია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახმა მიიღო
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ოჯახმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.
გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდა, რომელშიც ვკითხულობთ:
„როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას, ისე მისი კორექციისას არ განხორციელდა ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ნიმუშის აღება და არ განხორციელდა ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით. აღნიშნულის განხორციელების შემდგომ შესაძლებელი გახდებოდა სწორი ანტიბიოტიკოთერაპიული მკურნალობა - სწორი პრეპარატი სწორ დროს, სწორი დოზირებით. ანტიბიოტიკოთერაპია დაწყებულ იქნა და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა ისე, რომ ცნობილი არ იყო, ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, რომელი მათგანით, ასევე არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი... 27 აგვისტომდე იყო ინფექციონისტებთან კონსულტაცია, მათ შორის, გიორგი კანდელაკთან, თუმცა ბაქტერიული კვლევის ჩატარების რეკომენდაცია არსად არ არის მითითებული. პირველად ბაქტერიული კვლევა ჩატარდა 31 აგვისტოს, რაც მანამდე არ ჩატარებულა. 11 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ბაქტერიული კვლევა არ ჩატარებულა. ინტერლეიკენის 6 მაჩვენებლის ცვლილება აუცილებლად უნდა განხილულიყო დაავადების შესაძლო დამძიმების პროგნოზულ მარკერად, კლინიკური მდგომარეობის და სხვა ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებელთან ერთად. კვლევა ინტერლეიკებზე უნდა ჩატარებულიყო 1-2 დღეს ნაცვლად მე-4 დღისა... ჩატარებული ანტიკოაგულაციური თერაპია შეესაბამებოდა არსებულ მეთოდურ რეკომენდაციებს და გაიდლაინს. თრომბოციტოპენიის უფრო ეფექტური იქნებოდა ჰემატოლოგის ჩართულობის შემთხვევაში თერაპიულ განყოფილებაში. კორტიკოსტერიოდებით მკურნალობა არ ზემოქმედებს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, მტკიცება იმისა, რომ ჰემატოლოგის დროული კონსულტაცია პაციენტს დააზღვევდა შემდგომი ჩამოყალიბებულ უმძიმესი გართულებებისგან, არ არის მართებული“, - წერია დასკვნაში.
გარდა ამისა, პროფესორი თ. მეგრელიშვილი სამედიცინო დასკვნაში წერს, რომ პაციენტის მიმართ ექიმების მხრიდან უყურადღებობა არ გამოვლენილა.
„პაციენტ ვახტანგ ჩარკვიანის სტაციონარული მკურნალობის ორივე ეტაპზე (თერაპიული, რეანიმაციული განყოფილებები) კოვიდინფექციის მართვის ტაქტიკა შეესაბამებოდა არსებულ რეკომენდაციებს. ასევე, სამედიცინო პერსონალის მხრიდან არ გამოვლენილა უყურადღებობა ან ისეთი ქმედება, რაც პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას ან სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს გამოიწვევდა.
ექსპერტი დასკვნაში ასევე აღნიშნავს, რომ 10 სექტემბერს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, სატურაციის შენარჩუნება ვერ ხდებოდა. მისივე განმარტებით, რეანიმაციული ღონისძიებები 60 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა.
სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე საექსპერტო დასკვნაში კიდევ ერთი ექსპერტი კრიტიკული მედიცინის დარგში ლ. უგულავა იმ ნარკოტიკულ პრეპარატებზეც საუბრობს, რაც ჩარკვიანს მკურნალობისას გაუკეთდა.
„ვახტანგ ჩარკვიანს მკურნალობის პერიოდში მიღებული აქვს სხვადასხვა პრეპარატი, მათ შორის: ფენტანილი, მორფინი, მიდაზოლამი, ნეორელიუმი, კეტამინი, პროპოფილი, დიმედროლი, არდუანი და ა.შ... 29 აგვისტოს პაციენტთან ნარკოლოგის კონსულტაცია ჩატარდა, მის მიერ მიცემული დანიშნულება რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა, რეანიმატოლოგი სიტუაციიდან და პაციენტის მდგომარეობის ცვლილებებიდან გამომდინარე მოქმედებდა, ის თვითონ განსაზღვრავდა ნარკოტიკული სედატიური და ფსიქოტროპული პრეპარატების შეყვანის დოზირებას. ამ პრეპარატების გამოყენებით, პაციენტ ჩარკვიანის ჯანმრთელობას ზიანი არ მიყენებია“, - წერს ექსპერტი.