"მეგონა, რომ ობოლი გოგონა ვიყავი, თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა მყავს… იმედია, დედაც მალე მოეგება გონს“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი?
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი წლების წინ ბიოლოგიურმა დედამ ნებით დატოვა სამშობიაროში. გოგონა გურჯაანის რაიონში უსინათლო წყვილმა იშვილა და გაზარდა.
წლების შემდეგ მან ბიოლოგიური დედა იპოვა, თუმცა მათი დედაშვილური ურთიერთობა თითქოს ვერ შედგა. ახლა უკვე მამაც იპოვა, რომელსაც ძალიან გაუხარდა, რომ კიდევ ერთი გოგონა ჰყავს.
"მამაჩემი - ვანო საყვარლიშვილი რომ დაიღუპა 2009 წლის ივლისში, საშინლად მტკივნეული იყო ჩემთვის.
უზომოდ მიყვარდა, ჩემი ხატება იყო.
მაშინ იტალიაში უსაბუთო ვიყავი და ვერ ჩავედი მამის დაკრძალვაზე. მეგონა, რომ დავობლდი და ობოლი გოგონა ვიყავი. თურმე შევმცდარვარ, მე ძალიან სიმპათიური ბიოლოგიური მამა მყავს.
ნახეთ მისი ფოტო ახალგაზრდობაში და ახლა. მამა 72 წლისაა. მითხრეს, რომ ვგავარ. თქვენ რას ფიქრობთ? ამ კაცის შექმნილი ვარ, უსინათლო ვანოს გაზრდილი. ძალიან მდიდარი ვარ, ორი მამა მყავს" - წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
ცისნამი საყვარლიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სულ უნდოდა თავის სისხლთან და ხორცთან ერთად ყოფნა.
"სისხლი მაინც თავისას შვრება და ყივის. თუ აყვანილი შვილი გყავთ და მუხლჩაუხრელი შრომობთ მისთვის, თავდაუზოგავად ზრდით, არ გაგიკვირდეთ, რომ ერთ დღეს თავისი სისხლისა და ხორცისკენ გაიწიოს. ბუნებრივი სურვილია ეს. მე სულ მინდოდა ჩემს სისხლთან და ხორცთან ერთად ყოფნა. მე სულ მინდოდა, ჩემი ოჯახი მეპოვა. იმედია, დედაც მალე მოეგება გონს და მაღიარებს. ყველაფერი კარგად იქნება. ამინ!" - წერს საყვარლიშვილი.