მოსკოვში გარდაიცვალა ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე
69 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვანიძე. ამის შესახებ გაზეთი Московский комсомолец-ი იტყობინება. ინფორმაციას ადასტურებს უფლებადამცველი ევა მერკაჩევა. მას 2023 წელს თავის ტვინის იშემიის დიაგნოზი დაუსვეს.
ნიკოლაი სვანიძე 1955 წლის 2 აპრილს მოსკოვში დაიბადა. 1977 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
90-იან წლებში მუშაობა დაიწყო რუსეთის ტელევიზიაში. იყო არაერთი ანალიტიკური პროგრამის ავტორი და წამყვანი. 2013-2022 წლებში იყო რადიოსადგურ „სერებრიანი დოჟდის“ წამყვანი.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, ნიკოლაი სვანიძემ განაცხადა, რომ ეს „არამოტივირებული და არაპროვოცირებული თავდასხმაა" და შემდეგაც არაერთხელ უსაუბრია რუსეთისთვის ამ „სისხლიანი ომის“ შედეგებზე.