"მივიღეთ გადაწყვეტილება" - ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგი
საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.
„მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოური დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი ორი თვის გამავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.